თქვენ კითხულობთ
ძუძუს კიბო და მითები

ძუძუს კიბო და მითები

მარიამ კაჭარავა

მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეში, ინტერნეტის საშუალებით, ადამიანებს აქვთ სრული წვდომა თითქმის ნებისმიერ ინფორმაციაზე და ჩვენი საუკუნის ამ შესაძლებლობით ბევრი სიკეთის მიღება შეგვიძლია, თითოეული ჩვენგანი, სამწუხაროდ, მაინც ძალიან ხშირად ვხდებით არასწორი, არასამეცნიერო, არასანდო ინფორმაციის მსხვერპლი. ჩემი, როგორც კლინიკური ონკოლოგის, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს სამედიცინო მითები, განსაკუთრებით კი ონკოლოგიური მითები, რომელთა წაკითხვისას თუ მოსმენისას ზოგჯერ მეღიმება, ზოგჯერ ვბრაზობ კიდეც, თუმცა ზოგჯერ ეს მითები, საკმაოდ გავრცელებული და პოპულარულია ჩვენს საზოგადოებაში და მიუხედავად იმისა, რომ მათი უმრავლესობა ერთი შეხედვით ღიმილის მომგვრელი და უწყინარია, მათ შეუძლიათ ადამიანებისთვის ზიანის მიყენება. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, დამეწერა ბლოგი ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური პათოლოგიის – ძუძუს კიბოს შესახებ და მესაუბრა გავრცელებულ მითებსა და რეალობაზე.

ძუძუს კიბო წარმოადგენს სარძევე ჯირკვლის პარენქიმაში, ე. ი. სარძევე ჯირკვლის ძირითად ქსოვილში განვითარებულ ავთვისებიან სიმსივნეს, რომელიც ქმნის ქსოვილს, შედგენილს ატიპიური უჯრედებისაგან, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძუძუს კიბო ერთი დაავადებაა, ნებისმიერი ინდივიდის შემთხვევაში. ძუძუს კიბო წარმოადგენს ძუძუს ქსოვილში განვითარებულ ავთისებიან სიმსივნეთა ჰეტეროგენულ ჯგუფს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება ჰისტოლოგიური შენებით, ფენოტიპით (ცილოვანი სტრუქტურის სხვადასხვა მოლეკულების – რეცეპტორების ექსპრესია), გავრცელებით და ა. შ. შესაბამისად მათი მკურნალობის მეთოდებიც განსხვავდება ერთმანეთისაგან.  

მოგიყვებით ძუძუს კიბოს შესახებ ყველაზე გავრცელებულ მითებსა და რეალობის შესახებ:

1) მითი: სარძევე ჯირკვლის სიმსივნეთა (კვანძების) უმრავლესობა ავთვისებიანია.

სინამდვილეში ქალთა პოპულაციაში სარძევე ჯირკვლის კვანძების 80% კეთილთვისებიან სიმსივნეს, ცისტას (კისტა) ან სხვა არაავთვისებიან პათოლოგიურ მდგომარეობას წარმოადგენს. თუმცა, ამასთანავე ექიმები ქალებს მოუწოდებენ სარძევე ჯირკვალში განვითარებული ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას, ექიმ სპეციალისტს და ჩაიტარონ კვლევა, ვინაიდან ადრეულ სტადიაზე გამოვლენილი ძუძუს კიბოს მიმდინარეობისა და გამოსავალის პროგნოზი ძალიან კეთილსაიმედოა. თქვენს ექიმს შეუძლია შემოგთავაზოთ მამოგრაფია, ულტრაბგერითი კვლევა და ბიოფსია, იმისათვის, რომ განსაზღვროს ესა თუ ის კვანძი რამდენად წარმოადგენს კიბოს. 

2) მითი: ძუძუს კიბოს განვითარების რისკი აქვთ მხოლოდ იმ ქალებს, ვისაც აქვს ამ დაავადების ოჯახური ანამნეზი.

სინამდვილეში ძალიან ბევრ ქალს, რომელთაც აქვთ ძუძუს კიბოს დიაგნოზი, არ გააჩნდათ ამ დაავადების განვითარების რაიმე გამოკვეთილი წინაპირობა. თუმცა ოჯახური ანამნეზის არსებობის შემთხვევაში ამ დაავადების განვითარების რისკი ასეთია: თუ კი პირველი რიგის ბიოლოგიურ ნათესავს, როგორიც არის დედა, მამა, და, ძმა, ან შვილი, აქვს დიაგნოსტირებული ძუძუს კიბო, მაშინ თქვენი რისკი იზრდება თითქმის 2-ჯერ. თუ კი პირველი რიგის ბიოლოგიური ნათესავებიდან აღნიშნული დიაგნოზი დაესვა 1-ზე მეტ მათგანს, ეს რისკი კიდევ უფრო იზრდება. 

3) მითი: ბიუსჰალტერი მეტალის მყარი ნაწილებით ზრდის ძუძუს კიბოს განვითარების რისკს.

რეალურად არ არსებობს კვლევა, რომელმაც დაადასტურა ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც მეტალის მყარი ნაწილების შემცველი ბიუსჰალტერი ზრდის სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკს. 

4) მითი: ანტიპერსპირანტის გამოყენება ზრდის ძუძუს კიბოს განვითარების რისკს. 

რეალობა – 2002 წელს კიბოს ეროვნული ინსტიტუტის ჟურნალში გამოქვეყნდა კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც ანტიპერსპირანტები და ანტიდეოდორანტები არ ზრდიან ძუძუს კიბოს განვითარების რისკს, მათ შორის არც იღლიის მიდამოდან არასასურველი თმის მოცილებიდან 1 საათის განმავლობაში გამოყენების შემთხვევაში. 
რამოდენიმე წლის წინ ტოქსიკოლოგიის ჟურნალში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 20 ძუძუს კიბოს ქსოვილის გამოკვლევისას, აღმოაჩინეს ტოქსიური ნივთიერებები – პარაბენები (Parabens). ეს ნივთიერებები წარმოადგენს კონსერვანტებს, რომლებიც გამოიყენება მრავალი კოსმეტიკური საშუალების წარმოებისას, მათ შორის ანტიპერსპირანტებსა და დეოდორანტებში. კვლევებმა აჩვენა რომ ეს ნივთიერებები მოქმედებენ, როგორც ესტროგენი და შესაბამისად შეუძლიათ ძუძუს კიბოს ზრდის პროვოცირება, თუმცა მიუხედავად საინტერესო შედეგებისა, აღნიშნული კვლევა მიიჩნევა არასკმარისად სარწმუნო მტკიცებულებების მიღების თვალსაზრისით, რის გამოც, მეცნიერთა აზრით, აუცილებელია კვლევის გაგრძელება. 

5) მითი: ქირურგიული ოპერაციისას ჰაერის სიმსივნესთან კონტაქტისას ვრცელდება დაავადება (მეტასტაზირებს).

რეალურად კი არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ოპერაციისას სიმსივნესთან ჰაერის შეხებით ვრცელდება დაავადება. ზოგიერთი ადამიანი იჯერებს ამ მითს, ხშირ შემთხვევაში კი იმიტომ, რომ მათი ზოგადი დგომარეობა ოპერაციის შემდგომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაუარესებულია. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ნორმალური და ბუნებრივია, ნებისმიერი ქირურგილი ჩარევის შემდგომ. არსებობს აღნიშნული მითის დაჯერების კიდევ ერთი მიზეზი: ზოგჯერ ხდება ისე, რომ ოპერაციისას გამოვლინდება დაავადების გაცილებით დიდი გავრცელება, ვიდრე ეს პრეოპერაციული  (წინასაოპერაციო) კვლევებისა და ტესტებისას ვლინდებოდა, მაგრამ ამის მიზეზს არ წარმოადგენს სიმსივნესთან ჰაერის კონტაქტი, რადგან დაავადება რეალურად ოპერაციის დაწყებამდეც იმავე გავრცელების იყო, რაც ოპერაციისას აღმოჩნდა. 

6) მითი: ძუძუს იმპლანტებს შეუძლიათ განაპირობონ კიბოს განვითარება. 

რეალურად კი კვლევებმა აჩვენა, რომ სარძევე ჯირკვალში იმპლანტანტის არსებობა არ ზრდის ძუძუს კიბოს განვითარების რისკს. სტანდარტული მამოგრაფია ყოველთვის არ არის ხოლმე საკმარისი იმ სარძევე ჯირკვლის ქსოვილის სრულფასოვანი შეფასებისთვის, რომელშიც არის იმპანტანტი, ამიტომ ზოგჯერ საჭიროა დამატებითი რადიოლოგიური კვლევების ჩატარება ასეთი ძუძუს გამოსაკვლევად. 

7) მითი: ქალთა პოპულაციაში ძუძუს კიბოს განვითარების ალბათობაა 1:8.

რეალურად კი აბსოლუტური რისკი სიცოცხლის კონკრეტული ათწლეულის შემთხვევაში ნაკლებია, ვიდრე 1:8, თუმცა რისკი იზრდება ასაკის მატებასთან ერთად. მაგალითად, პროგნოზირებული სტატისკიკა შემდგომი ათი წლის განმავლობაში ასე გამოიყურება:

13 ქალი, 1000 ქალიდან, 40 წელს გადაცილებულ პოპულაციაში;
23 ქალი, 1000 ქალიდან, 50 წლის ასაკის პოპულაციაში;
29 ქალი, 1000 ქალიდან, 60 წლის ასაკის პოპულაციაში;
31 ქალი, 1000 ქალიდან, 70 წლის ასაკის პოპულაციაში.

8) მითი: ქალებს, რომელთაც აქვს შედარებით პატარა ზომის ძუძუ, გააჩნიათ კიბოს განვითარების ნაკლები რისკი.

რეალურად კი არ არსებობს არანაირი კავშირი ძუძუს ზომასა და ძუძუს ქსოვილში ავთვისებიანი ზრდის რისკს შორის. ძალიან დიდი ზომის ძუძუს კვლევა დაკავშირებულია გარკვეულ სირთულეებთან, როგორც კლინიკური გამოკვლევისას, ისე მამოგრაფიისა თუ მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვისას, მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ქალები, რომელთაც აქვს დიდი ზომის სარძევე ჯირკვლები, აქვთ უფრო დიდი რისკი სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარებისა. ნებისმიერი ქალი გარკვეული ინტენსივობით უნდა იტარებდეს სპეციალისტის კონსულტაციასა და რუტინულ კვლევებს (routine screenings and checkups).
 
9) მითი: ძუძუს კიბო ყოველთვის ვლინდება კვანძის სახით.

რეალურად გამკვრივებული უბანი კვანძის სახით შესაძლოა წარმოადგენდეს ძუძუს კიბოს (ისევე როგორც სხვა არაერთი ფორმის კეთილთვისებიან ახალწარმონაქმნს), მაგრამ ის არ წარმოადგენს ძუძუს კიბოს გამოვლენის ერთადერთ ნიშანს. აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ ისეთ ნიშნებს, როგორიც არის შეშუპება, კანის გაღიზიანება, კანის „ჩავარდნა“, ტკივილი და დისკომფორტის შეგრძნება სარძევე ჯირკვალში ან დვრილებში, აგრეთვე დვრილის ჩაბრუნება, ძუძუს კანის ან დვრილის სიწითლე და გასქელება და აგრეთვე გამონადენი, რომელიც განსხვავდება რძისაგან. 
ძუძუს კიბო შესაძლოა გავრცელდეს იღლიის ლიმფურ კვანძებში და შესაბამისად გადიდებული ლიმფური კვანძები იყოს ძუძუს კიბოს გამოვლენის პირველი ნიშანი. გარდა ამისა მამოგრაფიას შეუძლია გამოავლინოს ძუძუს კიბო, მისი განვითარების ისეთ ადრეულ სტადიაზე, რომ დაავადების არანაირი გამოხატული ნიშანი ან სიმპტომი არ არსებობდეს. 

10) მითი: მასტექტომიის შემდგომ შეუძლებელია ძუძუს კიბოს განვითარება.

სინამდვილეში კი ზოგიერთ ქალს მასტექტომიის შემდგომ ნაწიბურის მიდამოში გამოუვლინდება ახალწარმონაქმნი, რომელიც ზოგჯერ წარმოადგენს კიბოს და არც თუ ისე იშვიათად, პროფილაქტიკური მასტექტომიის შემდგომ  ძუძუს კიბო ვლინდება შორეული გავრცელების სახითაც კი (მეტასტაზები როგორც რეგიონულ ლიმფურ კვანძებში, ისე შორეული მეტასტაზები).
ქალებს, რომელთაც მომატებული რისკის გამო (დატვირთული ოჯახური ანამნეზი, ზოგიერთი გენეტიკური, მათ შორის მემკვიდრული მუტაციის არსებობა) მიიღეს გადაწყვეტილება ჩაეტარებინათ პროფილაქტიკური ბილატერალური (ორმხრივი) მასტექტომია, მნიშვნელოვნად უმცირდებათ სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკი, თუმცა ამ დაავადებით ავადობის რეალური შანსი მაინც არსებობს. ქალებს, რომელთაც აქვთ BRCA მუტაცია, პროფილაქტიკური ქირურგიული მკურნალობის შემდგომ, ძუძუს კიბოს განვითარების რისკი უმცირდებათ 90% -ით.

11) მითი: ძუძუს კიბოს ოჯახური ანამნეზისას, შვილისათის, მამისეული მხარის ავადობას არ აქვს ისეთივე გავლენა, როგორც დედისეულ მხარის ავადობას. 

მამათვენის ძუძუს კიბოს ოჯახური ანამნეზი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც დედათქვენის ისტორია, იმისათვის, რომ უფრო ზუსტად განისაზღვროს თქვენი დაავადების რისკები. თუმცა იმისათვის, რომ გაარკვიოთ მამათქვენის ძუძუს კიბოს ოჯახური ანამნეზის შესახებ, პირველ რიგში საჭიროა გამოიკითხოთ მამათქვენის ქალი ნათესავების (ბიოლოგიური ნათესავების) ანამნეზი (დედა, და, დეიდა, მამიდა, ბებია). მართალია მამაკაცებიც ავადობენ ძუძუს კიბოთი, თუმცა ქალთა პოპულაცია აღნშნული პათოლოგიისადმი გაცილებით მოწყვლადია. თანმხლები ონკოლოგიური პათოლოგიები ნათესავ მამაკაცთა პოპულაციაში, ორივე მშობლის მხრიდან, როგორიც არის წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატა) კიბო და მსხვილი ნაწლავის (კოლინჯი) კიბო, აგრეთვე მნიშვნელოვანია ავთვისებიანი ზრდის განვითარების რისკების შეფასების მიზნით. 

12) მითი: კოფეინი განაპირობებს ძუძუს კიბოს განვითარებას.

ძუძუს კიბოსა და კოფეინს შორის რაიმე კავშირის არსებობა არ დასტურდება კვლევებით. პირიქით, ზოგიერთი კვლევის შედეგების თანახმად კოფეინის ზომიერი მოხმარება ამცირებს ძუძუს კიბოს განვითარების რისკს. თუმცა რეალურად დღეისათვის არ არსებობს სარწმუნო ინფორმაცია იმის შესახებ, არსებობს თუ არა კავშირი ძუძუს კიბოსა და კოფეინის მოხმარებას შორის. 

13) მითი: თუ კი თქვენ გაქვთ ძუძუს კიბოს განვითარების მაღალი რისკი, თქვენ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ, გარდა იმისა, რომ იყოთ ყურადღებით მისი დროული აღმოჩენისათვის. 

რეალურად კი ქალებს ბევრის გაკეთება შეუძლიათ აღნიშნული რისკის შესამცირებლად, მაგალითად შეუძლიათ შეამცრინონ საკუთარი სხეულის წონა, თუ კი მათ აღენიშნებათ სიმსუქნე, რეგულარულად ივარჯიშონ, შეამცირონ ალკოჰოლის მოხმარება, უარი თქვან თამბაქოზე, დეტალურად შეისწავლონ საკუთარი სარძევე ჯირკვალი თვითგასინჯვით, რეგულარულად გადიოდნენ კლინიკურ გასინჯვას და პერიოდულად ჩაიტარონ მამოგრაფია. ზოგიერთი ქალი ირჩევს პროფილაქტიკურ მასტექტომიას, რითიც იმცირებს ამ დაავადების განვითარების რისკს 90% -ით. გარდა ამისა მაღალი რისკის მქონე ქალებს შეუძლიათ პერიოდულად ჩაიტარონ მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა და ექიმი სპეციალისტების დანიშნულებითა და მათი მეთვალყურეობით ჩაიტარონ პროფილაქტიკური მკურნალობა სხვადასხვა მედიკამენტით, მაგალითად – ტამოქსიფენით. 

See Also


14) მითი: ქალებს, რომელთაც აქვთ კვანძოვანი შენების სარძევე ჯირკვალი (ფიბროზულ-კისტოზური ცვლილებების გამო), აქვთ ძუძუს კიბოს განვითარების გაცილებით მაღალი რისკი.

მიუხედავად იმისა, რომ კვანძოვანი შენების, ფიბროზულ-კისტოზური სარძევე ჯირკვლი ადრე მიიჩნეოდა ძუძუს კიბოს განვითარების მომატებულ რისკად, დღეს ეს ასე აღარ ითვლება და ასეთი ძუძუს მქონე ქალებმა უნდა იცოდნენ, რომ მიუხედავად იმ სირთულეებისა, რაც არსებობს ფიბროზულ-კისტოზური ძუძუს მამოგრაფიული კვლევის ინტერპრეტაციისას, რეალური კავშირი ასეთ ძუძუსა და ძუძუს კიბოს განვითარების მაღალ რისკს შორის არ არსებობს. იქიდან გამომდინარე, რომ სტანდარტული მამოგრაფიის ჩატარების შემდგომ, მისი ინტერპრეტაციისას, არც ისე მარტივია ფიბროზული ქსოვილის გარჩევა ავთვისებიანი სიმსივნისაგან, ეს შესაძლოა გახდეს ცრუ განგაშის მიზეზი. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია მამოგრაფიული მონაცემების კორელაცია ულტრაბგერითი კვლევის ექოგრამებთან ან ასეთ ქალებს შეუძლიათ მიმართონ ისეთ სამედიცინო ცენტს, რომელიც აღჭურვილია ციფრული მამოგრაფით.

15) მითი: ყოველწლიური მამოგრაფიის ჩატარებისას მიიღება რადიაციის ისეთი დოზა, რომელიც ზრდის ძუძუს კიბოს განვითარების რისკს.

მიუხედავად იმისა, რომ მამოგრაფიული კვლევისას გამოიყენება რადიაცია, მისი რაოდენობა იმდენად მცირე და უმნიშვნელოა იმ სარგებელთან შედარებით, რომელიც მიიღება პროფილაქტიკური კვლევითა და დაავადების ადრეული აღმოჩენის თვალსაზრისით, რომ რეალურად უგულებეყოფილია და შესაბამისად უსაფრთხო. მამოგრაფიას შეუძლია გამოავლინოს იმდენად მცირე ზომის წარმონაქმნები, რომელთა გასინჯვა ხელით შეუძლებელი იქნება, ეს იძლება დაავადების ადრეული გამოვლენის საშუალებას, რაც საბოლოოდ ძალიან ზრდის გადარჩენადობას. მამოგრაფიის ჩატარების სიხშირე და ქალთა ასაკი საკამათო თემაა სპეციალისტებს შორის, თუმცა შემოგთავაზებთ კანადის ონკოლოგთა ასოციაციის რეკომენდაციას:
თუ თქვენ ხართ 40-49 წლის ასაკის, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, შეაფასეთ თქვენი რისკები და დაგეგმეთ მამოგრაფიის ჩატარების სიხშირე.
თუ თქვენ ხართ 50-69 წლის ასაკის, ჩაიტარეთ მამოგრაფია 2 წელში 1-ჯერ.
თუ თქვენ ხართ 70 წლის და მეტის, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს და დაგეგმეთ მამოგრაფიის ჩატარების სიხშირე.

16) მითი: ბიოფსიურ ნემსს შეუძლია დააზიანოს ავთვისებიანი სიმსივნის უჯრედები და განაპირობოს მათი გავრცელება სხეულის სხვა ნაწილებში.

რეალურად კი სარწმუნო მტკიცებულებები ამის შესახებ არ არსებობს. მაიოსა და ჯექსონვილის კლინიკებში 2000 პაციენტზე ჩატარებულმა კვლევამ გაფანტა მითი იმის შესახებ, რომ ბიოფსია უზრუნველყოფს დაავადების გავრცელებას. ამის საპირისპიროდ, კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტები, რომელთაც ჩატარებული ჰქონდათ ბიოფსია, ჰქონდათ უკეთესი პასუხი მკურნალობაზე და მათი საერთო გადარჩრნადობა იყო უფრო მაღალი, ვიდრე იმ პაციენტებისა, რომელთაც არ ჩატარებიათ ბიოფსია. თუ კი გაქვთ კითხვები ბიოფსიის შესახებ, მიმართეთ თქვენს ექიმს. 

17) მითი: ძუძუს კიბო – ქალთა პოპულაციის მთავარი მკვლელია.

რეალურად კი, მაგალითად კანადაში ძუძუს კიბოთი კვლდება წელიწადში დაახლოებით 5000 ქალი, თუმცა ფილტვის კიბოთი კვლდება დაახლოებით 10000 ქალი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით 22640 ქალი, ინსულტით – 7797 ქალი, ქვემო სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებებით – 5633 ქალი (2011 წლის მონაცემებით).

18) მითი: თუ კი თქვენმა მამოგრაფიამ არ გამოავლინა პათოლოგია, სანერვიულო აღარაფერია.

რეალურად კი, მიუხედავად იმ უმნიშვნელოვანესი როლისა, რაც გააჩნია მამოგრაფიას ძუძუს კიბოს სკრინინგსა და მის გამოვლენაში, შემთხვევათა 10-20% -ის გამოვლენა მამოგრაფიით ვერ ხერხდება. 

19) მითი: აფროამერიკულ პოპულაციაში, თმის გასწორებისა და მოდუნების საშუალებები განაპირობებენ ძუძუს კიბოს განვითარებას.

რეალურად კი ბოსტონის უნივერსიტეტისა და ჰოვარდის უნივერსიტეტის ონკოლოგიური ცენტრის მიერ ჩატარებულმა კვლევამ არ აჩვენა კავშირი თმის გასწორებისა და თმის მოდუნების საშუალებებსა და კიბოს განვითარების გაზრდილ რისკს შორის. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 48167 -მა აფროამერიკელმა ქალმა, რომლებიც მინიმუმ 20 წლის განმავლობაში, წელიწადში მინიმუმ 7-ჯერ იყენებდნენ აღნიშნულ საშუალებებს. 

20) მითი: მასტექტომია (ორგანოს სრული მოკვეთა) იძლევა უკეთეს შედეგს და მეტ შანსს გადარჩენადობის თვალსაზრისით, ვიდრე კვადრანტექტომია (ძუძუს ქსოვილის ნაწილობრივი ამოკვეთა), შემდგომი რადიოთერაპიით.

გადარჩენადობის სტატისტიკური მაჩვენებლები თითქმის ერთნაირია ორივე შემთხვევაში, როგორც მასტექტომიის შემდგომ, ისე კვადრანტექტომიისა და რადიოთერაპიის შემდგომ. თუმცა არსებობს კლინიკური შემთხვევები, მათ შორის სიმსივნის დიდი ზომა, BRCA მუტაციის არსებობა და სხვა, რის გამოც კვადრანტექტომია არ იძლევა რადიკალური მკურნალობის ჩატარების საშუალებას და მოწოდებულია ტოტალური მასტექტომია. 

21) მითი: ჭარბწონიან ქალებს აქვთ ძუძუს კიბოს განვითარების ისეთივე რისკი, როგორც დანარჩენ ქალტა პოპულაციას.

რეალურად კი, ჭარბი წონა და ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილი წარმოადგენს ძუძუს კიბოს განვითარების გაზრდილ რისკს, განსაკუთრებით კი პოსტმენოპაუზისას და/ან იმ შემთხვევაში თუ ჭარბწონიანობა განვითარდა შედარებით გვიან ასაკში.

22) მითი: უნაყოფობის მკურნალობა ზრდის ძუძუს კიბოს განვითარების რისკს.

ესტროგენსა და ძუძუს კიბოს შორის კავშირის გათვალისწინებით, ქალთა უნაყოფობის მკურნალობისას გააჩნია კითხვები ძუძუს კიბოს განვითარების რისკის გაზრდის შესახებ. თუმცა რამოდენიმე კვლევამ აჩვენა რომ უნაყოფობის მკურნალობა არ განსაზღვრავს ძუძუს კიბოს განვითარების რისკის ზრდას. თუმცა ამ ეტაპზე არ ჩატარებული ფართომასშტაბიანი, მულტიცენტრული, რანდომიზებული კვლევა ამ კავშირის დასადგენად. მეცნიერები და პრაქტიკოსი ექიმი ონკოლოგები მიიჩნევენ რომ ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გასაცემად აუცილებელია ჩატარდეს კვლევა და ხანგრძლივი დაკვირვება იმ ქალებზე, რომელთაც ჩაუტარდათ უნაყოფობის მკურნალობა და ე. წ. ინ ვიტრო განაყოფიერება – IVF (In vitro fertilization).

23) მითი: ელექტროგადამცემი ხაზების მიმდებარედ ცხოვრება ზრდის სარძევე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკს.

აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვული ინსტიტუტის მიერ 2002 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით: საერთო სამეცნიერო მონაცემების თანახმად ადამიანის ჯანმრთელობისათვის ელექტროგადამცემი ხაზების (exposure to power-frequency fields) მიერ შესაძლო მიყენებული ზიანი უმნიშვნელოა. ლაბორატორიული კვლევებისას ცხოველებზე და უჯრედულ კულტურებზე არ გამოვლინდა ბიოლოგიური ზემოქმედების ეფექტები აღნიშნული ელექტული სიხშირის ველების მიერ. თუმცა სხვა ეპიდემიოლოგიურმა დაკვირვებებმა აჩვენა კავშირი ასეთ გარემოსა და ბავშვთა ლეიკემიისა და მოზრდილთა ქრონიკული ლიმფოლეიკემიის განვითარებას შორის. მაგრამ აღნიშნული ეპიდემიოლოგიური დაკვირვება არ გამყარებულა ლაბორატორიული მონაცემებით, შესაბამისად სარწმუნო მტკიცებულებები ამ კავშირის შესახებ არ არსებობს. 

24) მითი: აბორტი ზრდის ძუძუს კიბოს განვითარების რისკს.

იქიდან გამომდინარე, რომ აბორტი მიიჩნევა ჰორმონალური დისბალანსის განმაპირობებელ ფაქტორად, ძუძუს კიბო დაკავშირებულია ჰორმონთა რაოდენობასთან, არაერთი კვლევა ჩატარდა მათ შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გამოვლენის მიზნით, თუმცა არ მოიძებნა ამ კავშირის არსებობის სარწმუნო მტკიცებულებები. მაგალითად ფრანგული კოჰორტული კვლევა, რომლის შედეგები გამოქვეყნდა 2003 წელს და რომელშიც მონაწილეობდა 100000 ქალი, ვერ გამოავლინდა სარწმუნო მტკიცებულებები ხელოვნურ აბორტსა და ძუძუს კიბოს შორის. 

25) მითი: ძუძუს კიბო შეიძლება სრულებით ავიცილოთ თავიდან.

რეალურად და სამწუხაროდ კი ძუძუს კიბოს სრულებით აცილება შეუძლებელია, თუმცაღა შესაძლებელია რისკ ფაქტორების გამოვლენა, როგორიც არის დატვირთული ოჯახური ანამნეზი, მემკვიდრული გენეტიკური მუტაციები და შევცვალოთ ცხოვრების წესი, რაც გულისხმობს თამბაქოსა და ალკოჰოლზე უარის თქმას, ფიზიკურ აქტივობას, ჭარბი წონის კონტროლს და სკრინინგულ კვლევებს. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ პაციენტთა 70% -ს, რომელთაც დიაგნოსტირებული აქვთ ძუძუს კიბო, არ გააჩნიათ ამის ცალსახა იდენტიფიცირებული მიზეზები, რაც გვეუბნება იმის შესახებ, რომ შემთხვევათა უმრავლესობაში აღნიშნული დაავადება ვითარდება რაიმე განსაკუთრებული მიზეზის გარეშე ან შესაძლოა ამ მიზეზების არსებობის შესახებ ჯერ არ ვიცით.

26) მითი: ოჯახური ანამნეზი წარმოადგენს ძუძუს კიბოს განვითარების ყველაზე დიდ რისკს. 

სინამდვილეში კი კიბოს განვითარების ყველაზე დიდ რისკ ფაქტორს წარმოადგენს ასაკი, რადგან ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყოველი 10 პაციენტიდან 7 წარმოადგენს 60 და მეტი წლის ასაკის მქონე ადამიანებს. 

იხილეთ კომენტარები

Leave a Reply

Your email address will not be published.

✉  [email protected]                                                                               © 2020 Todua Clinic