თქვენ კითხულობთ
ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა

ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა

ანა მაზანიშვილი

ონკოლოგიური დაავადების კლინიკური სურათი არ შემოიფარგლება სიმპტომებით, რომელსაც იწვევს კონკრეტული პათოგენური ფაქტორი, არამედ აუცილებლად მოიცავსონკოპაციენტის ცხად ან ფარულ დამოკიდებულებას დაავადების მიმართ. მკურნალობის პროცესში პაციენტის მონაწილეობა, თითქმის მხოლოდ პასიური დამკვირვებლის როლია. ამას თან ერთვის დიაგნოსტიკურ – სამკურნალო პროცესი, ქიმიო დასხივური თერაპიის სირთულე და ხანგრძლივობა, კლინიკის დამთრგუნავი გარემო. 

ონკოლოგიურ დაავადებებთან გასამკლავლებლად თანაბარმნიშვნელოვნად საჭიროა როგორც ქირურგიული ჩარევა, ქიმიო, იმუნო, ჰორმონო თერაპიები და უამრავი სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციები, ასევე ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. ონკოპაციენტს, დიაგნოზისგაგების მომენტიდანვე გვერდში უნდა ჰყავდეს გამოცდილი, ემპათიური და სანდო პირი, რომელიც პაციენტთან ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ, გაივლის გზას კიბოს უარყოფიდან – კიბოს მიღებამდე. 

 მუდმივი სტრესის შედეგად ონკოპაციენტებში მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, დეპრესია, გაღიზიანებადობა, ფსიქოლოგიური თვითიზოლაცია, სამედიცინო გამოკვლევების, მანიპულაციების და მკურნალობის შიში. 

ამ დროს დაავადებული ადამიანი მარტო რჩება თავის  პრობლემებთან. ყველაზე თანამედროვე მკურნალობის სქემაც კი ვერ დაეხმარება მას  ახალ რეალობასთან  ადაპტაციაში. 

ონკო-ფსიქოლოგიაზე  ბოლო დროს დიდი აქცენტი კეთდება, ბევრი კვლევითი, საგანმანათლებლო და სასწავლო პროგრამებია, რითაც ხდება ხაზგასმა, რომ პაციენტთაფსიქოსოციალური მხარდაჭერა  ყველა ეტაპზეა საჭირო.

დიაგნოზი

კიბოს დიაგნოზი უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს ყველასთვის. სტატუსი – „განუკურნებელი დაავადება“, მას თითქოს უძლეველს და შეუვალს ხდის. სოციუმის რეაგირება კი მსგავს „სტატუსებზე“, როგორც წესი, არაერთგვაროვანია. თუ განუკურნებელია, ე.ი. საშიშია, თუ საშიშია – მაშინ მე არ უნდა დამემართოს, თუ მე არ უნდა დამემართოს – მაშინ არც დავინტერესდები რა ხდება, როგორ ვითარდება და რა წინსვლა აქვს ონკოლოგიას. ეს ყველაფერი ბადებს სტიგმებს და ფობიებს. ამიტომაც, დიაგნოზის გაგება თითქმის ყველა შემთხვევაში შოკისმომგვრელი და თავზარდამცემია. როცა არ ვიცით როგორ მოვიქცეთ, ვისტრესებით, უმწეოები და თითქოს უუნაროები ვხდებით. ერთის მხრივ, ადამიანის ასეთ მდგომარეობას კი უპირისპირდება კიბო, კომპლექსური „მონსტრი“, რომელიც თავისთავადვე კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. საჭირო ხდება  პაციენტის მქსიმალური ჩართულობა ყველა პროცესში, ეს იქნება ექიმთან ერთად გადაწყვეტილებების მიღება მკურნალობის სქემებთან, ჩასატარებელ ოპერაციებთან თუ მისაღებ მედიკამენტებთან დაკავშირებით. შესაბამისად, იმ დროს, როცა საჭიროა პაციენტის მაქსიმალური მობილიზება, როგორც წესი, ვიღებთ შეშინებულ, დაბნეულ და დეზორიენტირებულ პაციენტს. ხშირ შემთხვევაში, უშედეგოა ექიმების ძალისხმევა აუხსნან და გააგებინონ არსებული მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ონკოლოგია კარგად მართავს ყველა ტიპის დაავადებას, ბევრ ადამიანს აქვს ღრმა შიში და განცდა , რომ კიბო არის ტკივილით ტანჯვა  და სიკვდილი. 

ალბათ არც ერთი დაავადება ფსიქოლოგიურად ასეთი  „მგრძნობიარე“ არ არის სტიგმის მიმართ, როგორც კიბო. ამ შიშებმა შეიძლება შემდგომში ცუდი გავლენა მოახდინონ პაციენტის ზოგად მდგომარეობაზე და მისი ცხოვრების ხარისხზე.


კიბოს დიაგნოზის მიღება

გასული საუკუნის 60 – იანი და 70 – იანი წლებში ჩატარებული კვლევების  შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ინდივიდს აქვს უფლება იცოდეს მისი დაავადების შესახებ და მონაწილეობა მიიღოს ყველა გადაწყვეტილებაში, რაც მის ჯანმრთელობას და ცხოვრების ხარისხს შეეხება. პრობლემის გაცნობიერება , დიაგნოზის ადექვატური მიღება და სწორიფსიქოლოგიური განწყობა დადებით როლს თამაშობს  დაავადების დაძლევაში. თუმცაზოგჯერ, ოჯახის წევრები და ახლობლები  კვლავაც  ითხოვენ, რომ პაციენტებს დიაგნოზისშესახებ დაუმალონ ინფორმაცია. თუ ექიმი პაციენტს დიაგნოზს არ ეუბნება, ყოველთვისარსებობს რისკი, რომ ამას სხვა ვინმე გააკეთებს და უნებლიედ დასმული შეკითხვა დაავადების შესახებ, პაციენტში უნდობლობას გამოიწვევს ექიმის და გარემოცვის  მიმართ.

See Also

ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა

ჯანდაცვის პროფესიონალებმა, ონკოლოგიურმა ექთნებმა უნდა განავითარონ უნარები ინფორმაციის ზუსტად, მაგრამ სიფრთხილით წარმოდგენაში, ამით ხელი შეუწყონ იმედის შენარჩუნებას პროგნოზის მიუხედავად. ასევე უმნიშვნელოვანესია ონკო-ფსიქოლოგის ჩართულობა პირველივე ეტაპზე, პაციენტის ფსიქო-ემოციური ფონის სამართავად და დეპრესიის დასაძლევად. კიბო მნიშვნელოვან ფსიქო-სოციალურ გავლენას ახდენს ინდივიდზე, ოჯახზე და საზოგადოებაზე, იცვლება  არამხოლოდ პაციენტის, არამედ მათი ოჯახის, მეგობრების, გარემოცვის ცხოვრების წესიც, იცვლება მათი ემოციური და სოციალური მდგომარეობა.

მნიშვნელოვანია ოჯახის  წევრების  მხარდაჭერა და პოზიტიური ჩართულობა, ხელშეწყობა, რომ ზედმეტი სტრესის გარეშე ჩატარდეს მკურნალობა. 

დღეს მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში ონკოპაციენტების მკურნალობის პროცესის ერთ – ერთი პრიორიტეტული მიმართულება ფსიქოლოგიური დახმარების გაწევაა, დიაგნოზის დასმის მომენტიდან მკურნალობის დასრულებამდე. ონკოლოგებს და ფსიქო-ონკოლოგებს კარგად ესმით პაციენტის დადებითი განწყობის, ფსიქო-ემოციური სტაბილურობის უდიდესი როლი მკურნალობის პროცესში. აქვე უნდა აღინიშნოს ოჯახის წევრების ფსიქოლოგიური განწყობის მნიშვნელობაც.

კვალიფიციური ფსიქოლოგიური დახმარება არამარტო გააუმჯობესებს ონკოპაციენტების „სიცოცხლის ხარისხს“, არამედ ხელს შეუწყობს მათ სრულფასოვან რეინტეგრაციას სოციუმში. პაციენტი მათი დახმარებით აცნობიერებს, რომ  ბრძოლაში თავად არის მთავარი მოქმედი გმირი და რომ უნდა იცნობდეს საკუთარი მკურნალობის გეგმას, რომ  “სიკვდილის დაავადება”  სულაც არაა ისეთი საშიში , როგორიც წარმოედგინა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და არასოდეს უნდა დანებდეს!

იხილეთ კომენტარები

Leave a Reply

Your email address will not be published.

✉  [email protected]                                                                               © 2020 Todua Clinic